თეგი: იაროსლავ კაჩინსკი

იაროსლავ კაჩინსკი: ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, სახელმწიფო მდივანმა მიხაილ დვორჩიკმა, ბათუმში, ახალ ბულვარში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნაზე, იაროსლავ კაჩინსკის წერილი წაიკითხა.  „დიდი პატივი მაქვს, მოგმართოთ თქვენ და რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ქართველ ხალხს. ჩემთვის ძალიან დიდია მოვლენა, რომ ჩემი ძმის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა საქართველოში, ბათუმში. ძალიან პატივს ვცემ ჟესტებს, რომლებსაც ქართველი ხალხი ჩემი ძმის პატივსაცემად გამოხატავს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დაწესებულებასა და უწყებას, ადამიანს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ძეგლი აქ გახსნილიყო, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ჟესტისთვის. საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ თქვენ, რომ ჩემი ძმის მოღვაწეობაში საქართველო იკავებდა ძალიან დიდ ადგილს. ლეხ კაჩინსკის შეეძლო, მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როდესაც ის ჩამოვიდა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად და შემდეგ ევროარენაზე გამოხატავდა საქართველოს ინტერესებს. საქართველო, რომელიც დგას ევროატლანტიკურ გზაზე და ის თვლიდა, არწმუნებდა ყველას, რომ თუნდაც მცირე, პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი გეზი და საერთაშორისო პოლიტიკის ურთიერთობებს ის აღიქვამდა, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს. ის ყველა ღონეს იღებდა იმისთვის, რომ დაეჭირა მხარი საქართველოსთვის. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძმური კავშირი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ერებს და ჩვენ ორ ქვეყანას და ცდილობდა ამ მეგობრობის და ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებას. ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება. ძალიან დიდი პატივისცემით, იაროსლავ კაჩინსკი“, - აღნიშნავს იაროსლავ კაჩინსკი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.   

პოლონეთის პრემიერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ის ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა. „თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არამარტო ის მიმართულებები, რომლებიც ირგვლივ ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი კაჩინსკი მთავრობას ტოვებს

პოლონეთის მმართველი პარტიის კანონი და სამართლიანობა (PiS) ლიდერი და ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი თანამდებობიდან გადადგა იტყობინება საინფორმაციო სააგენტო PAP. „მე უკვე მივმართე პრემიერს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი“, - განაცხადა კაჩინსკიმ. კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას ეროვნული თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის. კაჩინსკიმ განაცხადა, რომ სურდა, სამთავრობო ფუნქციებს ჩამოშორებოდა, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველი პარტიის მზადებაზე გაემახვილებინა ყურადღება. „გადავწყვიტე, რომ კონცენტრირება მჭირდება პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანზე. პარტიამ უნდა აღიდგინოს ძალა, რადგან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მსოფლიოში“, - განუცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ PAP-ს. იაროსლავ კაჩინსკი პრემიერ მინისტრი იყო 2006-2007 წლებში. მისი ტყუპი ძმა, ლეხ კაჩინსკი 2005 წლიდან 2010 წლამდე იყო პოლონეთის პრეზიდენტი. ის და მისი მეუღლე 2010 წელს, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიას შეუძლია - იაროსლავ კაჩინსკი

NATO-ს სამშვიდობო მისიას შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინაში, კიევის პირობებით. ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს. კაჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, კიევმა უნდა მიიღოს ძალიან სერიოზული დახმარება, მათ შორის, საარტილერიო აღჭურვილობისა და სადაზვერვო ტექნიკის სახით. „უკრაინას სჭირდება იარაღი და ამ კუთხით გარკვეული პრობლემებია", - აღნიშნა PiS-ის ლიდერმა. „თუ ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობა იყოს, მაშინ ეს არ მოხდება NATO-ს სამშვიდობო მისიის ჩართვის გარეშე“, - აღნიშნავს იაროსლავ კაჩინსკი. მოხდება თუ არა ეს? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ, პოლონელი პოლიტიკოსი ამატებს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა NATO-ს სამშვიდობო მისიის განთავსება უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა. კაჩინსკიმ არ გამორიცხა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დიდხანს გაჭიანურდეს ან კონფლიქტი გაიყინოს ცეცხლის შეწყვეტით ან მის გარეშე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.